თეგი: არარატ მირზოიანი

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და მათი განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას“, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მინისტრის მრჩეველი ვაჰან კოსტანიანი და მინისტრის ასისტენტი რობერტ აბისოგომონიანი. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, შემდგომში დიალოგის პოზიტიური დინამიკის განვითარება. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება შეხვედრაზე მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მის როლს, რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით. განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა გამოწვევებთან გასამკლავებლად. მთავრობის მეთაურმა არარატ მირზოიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.  

რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და არარატ მირზოიანმა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს სხდომაზე მიღწეული შედეგებით.  „განხილულ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ელექტრონული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

არარატ მირზოიანი: თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი დაჩქარდება

„სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მესამე ქვეყნების მოქალაქეების შეუფერხებელი გავლის საკითხის მოგვარება „იგეგმება“, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე ამ საკითხის გადაწყვეტა, დიალოგის დაჩქარება და საზღვრების გახსნა განიხილეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე. შეგახსენებთ, მირზოიანი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.  

აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. „საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლო მოვლენებს. მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების, მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით ცნობილი პრინციპების შესაბამისად და და აზერბაიჯანის ამ პრინციპებისადმი მკაფიო ერთგულების შემთხვევაში, ამ პროექტზე შეთანხმების მიმართულებით შეიძლება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს. შეხვედრაზე მირზოიანმა და ბლინკენმა სომხურ-ამერიკული ორმხრივი დღის წესრიგიც განიხილეს. ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების პერსპექტივებზე,“ - იუწყება სომხური მხარე. ამერიკულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განიხილა „სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.“ „გუშინ ანკარაში კარგი ვიზიტის შემდეგ დავბრუნდი ბრიუსელში. განვიხილეთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის საერთო ინტერესის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, კერძოდ, სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - დაწერა კლაარმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გადამწყვეტი დრო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - მაიკლ კარპენტერის ხედვა 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი მოკავშირეები უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად

სომხეთმა უნდა სცადოს ახალი მოკავშირეების მოძებნა უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა jჯანსაღი და რაციონალური სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს ახალი მოკავშირეების და მხარდამჭერების პოვნას. „ეს ჩვენთვის განსაკუთრებით აშკარა და იმპერატიული გახდა 2020 წლის ომისა და შემდგომი მოვლენების შემდეგ. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ჩვენი მოკავშირის მექანიზმები არ აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოლოდინს," განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ბუნებრივია, რომ სომხეთმა ახალი მოკავშირეები მოძბებნოს უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.“ ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, რამაც გაზარდა უსაფრთხოების დონე საზღვარზე. მან ხაზი გაუსვა ასევე პარტნიორების განცხადებებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: განვიხილავთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას

ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განაცხადა. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოსახლეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების მშენებლობის დემოკრატიული გზა აირჩია. „ამ გზაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციურ ცვლილებებს. და, ზოგადად, მნიშვნელოვანია მაქსიმალური დივერსიფიკაცია და პარტნიორებისა და მოკავშირეების წრის გაფართოება. ამრიგად, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ, მნიშვნელოვნად ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან და აშშ-სთან, ამასთანავე ვინარჩუნებთ ტრადიციულ კავშირებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაშენებთ თვისობრივად ახალ ურთიერთობებს ინდოეთთან და ა.შ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს პრიორიტეტს - ნორმალიზებას და, პირველ რიგში, მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მოკლე აღწერა,“ - განაცხადა მირზოიანმა ინტერვიუში, რომლის ტექსტიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. კითხვას, ფიქრობს თუ არა სომხეთი ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანებაზე და შესაძლებელია თუ არა ეს უახლოეს მომავალში მოხდეს, არარატ მირზოიანმა უპასუხა: „ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, სომხეთში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სერიაში ევროკავშირის წევრობის იდეაც არის. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გავდივართ პროცესს და ვნახოთ, როგორი დასრულდება ეს პროცესი, რასაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს.“ მირზოიანის თქმით, სომხეთს საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები აქვს, ვაშინგტონთან ჩამოყალიბდა სტრატეგიული დიალოგი, რომლის ფარგლებშიც განიხილება ახალი მიმართულებები. „იგივე შემიძლია, ვთქვა ევროკავშირზე. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ ვიყურებით ამ შეთანხმების მიღმა. ჩვენ განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციას და რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ ჩვენს ურთიერთობებში. პირველად ისტორიაში ევროკავშირი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და ვხედავთ, რომ მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა TRT World-თან ინტერვიუში.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ს შეხვედრას არ დაესწრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი არ დაესწრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წარმომადგენელი მისი კოლეგების შეხვედრას - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დსთ-ის შეხვედრა 12 აპრილს, მინსკშია დანიშნული. სომხეთს რუსეთთან ახლო მოკავშირეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო თვეებში ერევანი ამ ალიანსისგან დისტანცირებისთვის დგამს ნაბიჯებს - იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ვარაუდით, მის გულისწყრომას იწვევს მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში. დსთ წარმოადგენს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ დაჯგუფებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წელს ამოქმედდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. საქართველომ და უკრაინამ - რუსეთის აგრესიის მსხვერპლმა ქვეყნებმა - დსთ უკვე დატოვეს, მოლდოვამ თავისი დე-ფაქტო მონაწილეობა შეაჩერა და აცხადებს, რომ ორგანიზაციიდან წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას. მირზოიანის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს დსთ-ის შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. შეხვედრა კონცენტრირებული იყო სომხეთის გამძლეობის გაღრმავებაზე და მისი რუსეთზე მძლავრად დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე.